ივანიშვილის რეჟიმი კულტურის სფეროს გარშემო ყულფის შემოხვევას ცდილობს - თავაძე
რუსთაველის გამზირზე ღამეს დათა თავაძეც ათენებს - რეჟისორი ამბობს, რომ დღევანდელი მშვიდობიანი მანიფესტაციით ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებს ემიჯნება და მდუმარე საპროტესტო აქციით იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ გაფიცული ხელოვანები უკან არ იხევენ.
"ივანიშვილის რეჟიმი კულტურის სფეროს გარშემო ყულფის შემოხვევას ცდილობს" - აცხადებს დათა თავაძე, რომელიც გამარჯვებამდე ბრძოლას აანონსებს.
გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ყულფის მერე, რომლის შემოხვევასაც ცდილობს ეს რეჟიმი და რასაკვირველია, ამ ქვეყნისა და საზოგადოების გარშემო, როგორ ცდილობს, რომ მოახრჩოს ყველაფერი თავისუფალი, ყველაფერი პრინციპული, მტკიცე და სამართლიანი ამ ქვეყანაში. ვხედავთ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების როგორ ექცევიან, ვხედავთ რეპრესიებს, ახალ კანონს, რომელიც ვთვლით, რომ არის დრაკონული. და ვთვლით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენ შეგვაშინონ, ცდილობენ, რომ ამით დაგვაშინონ. ეს დემონსტრაციაა იმისა, რომ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ, როგორც სფერომ გადავწყვიტეთ, რომ არ გვყოფნის ის დრო, რომელიც აქციისთვის არის გამოყოფილი და გვინდა, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე ერთობა და ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მივატოვებთ. ჩვენ ერთად ვდგავართ, ეს სფერო არ იხლიჩება, ეს სფერო არის ერთად", - ამბობს დათა თავაძე.