აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - მხარეები უკვე საუდის არაბეთში არიან

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - მხარეები უკვე საუდის არაბეთში არიან.
დღეს ქალაქ ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვედრას გამართავენ.
„გუნდი ადგილზეა. ჩვენ ვემზადებით სამუშაოდ. უკრაინის ინტერესების დაცვით, ომის დასრულების მკაფიო ხედვით, ჩვენ ეფექტურად ვიმუშავებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან", - აღნიშნა ერმაკმა.
- საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს ის არ დაესწრება.
როგორც რუბიომ თვითმფრინავში, ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების დროს მისი დელეგაცია შეეცდება გაიგოს, რა დათმობებზეა წამსვლელი კიევი, მშვიდობისთვის. თუმცა, რუბიო ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და ეს შესაძლოა იყოს ტერიტორიულიც.
„რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება აიძულონ რუსები დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ 2014 წელს. ჩვენ უნდა გავიგოთ უკრაინის პოზიცია , თუ რა დათმობებისთვის იქნებიან ისინი მზად. არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და არ დასრულდება ეს ომი, თუ ორივე მხარე არ წავა დათმობებზე... შემდეგ ჩვენ გავარკვევთ, როგორია რუსეთის პოზიცია და ეს მოგვცემს საკმაოდ კარგ შეფასებას, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან“- განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
რუბიო უკვე შეხვდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა.
პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ზელენსკის თქმით, შეხვედრა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას მიეძღვნა. უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქმედება სამშვიდობო ინიციატივებისადმი ნდობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები.
"გვქონდა დეტალური დისკუსია ომის დასრულებისა და საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯებსა და პირობებზე. მე გავამახვილე ყურადღება ტყვეების გათავისუფლებისა და ჩვენი შვილების დაბრუნების საკითხზე, რაც შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს დაეთმო.
ჩვენ ვაფასებთ საუდის არაბეთის მზადყოფნას გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტირება მოახდინოს უკრაინაში. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საინვესტიციო სექტორები, დაწყებული უსაფრთხოებით, ენერგეტიკით და ინფრასტრუქტურით. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ხედვას ეკონომიკური განვითარების შესახებ.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მჭიდრო კავშირები ჩვენს ერებსა და რეგიონებს შორის სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიოს."- წერს ზელენსკი.