დღეს 30-მდე ადამიანი გაუშვეს... თბილისის მერიაში სხვა ტიპის რეპრესიებიც მიმდინარეობს - სოფრომაძე

14.03.25 22:57
დღეს 30-მდე ადამიანი გაუშვეს... თბილისის მერიაში სხვა ტიპის რეპრესიებიც მიმდინარეობს - სოფრომაძე

საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება - თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საჯარო სამსახურიდან დღეს 30-მდე ადამიანი გაათავისუფლეს.

გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ საჯარო მოხელეების სამსახურიდან დათხოვნის გარდა კონკრეტულად თბილისის მერიაში სხვა ტიპის რეპრესიებიც მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ კურსს მხარს უჭერენ და "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან, ხელფასებსაც კი აკლებენ. 

დღეს გაუშვეს ადამიანების ნაწილი, 30-მდე მათგანი, რომელთაც 31-წლიანი, 18-წლიანი სტაჟი აქვთ. გათავისუფლების პარალელურად, სხვა ტიპის რეპრესიები მიმდინარეობს, მაგალითად დაქვეითება ადამიანების. მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც 11 წელი მუშაობს თბილისის მერიაში და შშმ პირია, ხელფასი 1 600 ლარიდან 1 000 ლარამდე შეუმცირეს. მოტივად უთხრეს, რომ სხვა თანამშრომლებსაც უნდათ მაღალი ხელფასი, მათ ვერ უმატებენ და ამიტომ ხდება ხელფასის შემცირება. ეს არის არგუმენტი, რითაც პეტიციაზე ხელმომწერ ადამიანებს სჯიან". - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.