21 წლის სპორტსმენის მკვლელობა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
თბილისში მომხდარი 21 წლის სპორტსმენის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2006 წელს დაბადებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.