რომელ დარგებს უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი -საქსტატი დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს
საქსტატმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 91.9 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ - 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.
რაც შეეხება ზრდის ტემპებს - 2024 წელს პირველ ადგილზე 29.1%-იანი ზრდით იყო განათლების სექტორი, რომლის წვლილმაც მშპ-ში 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. სავარაუდოდ, აღნიშნული მატება დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან როგორც განათლების ბიუჯეტის ზრდით და სკოლების რეაბილიტაციით, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსავლების მატებით, რაც უცხოელი სტუდენტების რაოდენობის მატებასთან არის დაკავშირებული. მეორე პოზიციას 24.3%-იანი ზრდის ტემპით იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი, რომელიც მათ შორის IT სექტორსაც მოიცავს. ამ სექტორის ზომამ გასულ წელს 5.1 მილიარდ ლარს მიაღწია. მესამე ადგილზე კი 17.9%-იანი ზრდის ტემპით არის სექტორი სახელწოდებით - სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, რაც მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობებსა და ოპერაციებს მოიცავს. ამ სექტორის წვლილმა მთლიან ეკონომიკაში 7%, ანუ 5.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეკონომიკის სექტორებიდან 2024 წელს კლება მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა, რაც ძირითადად თბოსადგურების გამომუშავების შემცირებასთან იყო დაკავშირებული.