ჩვენ ვართ ბრძოლაში, ვიბრძვით საკუთარი პროფესიის და სიცოცხლის გადასარჩენად - მაკა ჩიხლაძე
ასეთი დროება ქართულ მედიას არასდროს ჰქონია, არასდროს გვიმუშავია ასეთ პირობებში, -ამის შესახებ “ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ “პროფესიული დღე ასე არასდროს აღუნიშნავს.“
“ვითვლით დაშავებულ, სიკვდილს გადარჩენილ და უკანონოდ დაჯარიმებულ კოლეგებს“, - თქვა ჩიხლაძემ.
ჟურნალისტს აინტერესებს, რატომ არ იძიებს მის საქმეს არც კაციტაძის უწყება და არც სუსი, რომელმაც უთხრა, რომ მის საქმეს “თავის თავზე აიღებდა“.
არასდროს აგვიღნიშნავს ჩვენი პროფესიული დღე ასე, როდესაც ვითვლით დაშავებულ, სიკვდილს გადარჩენილ და უკანონოდ დაჯარიმებულ კოლეგებს და ასევე, ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიხსნათ ჩვენი კოლეგა, რომელიც სრულიად უკანონოდ ზის ციხეში.
ჩვენ ვართ ბრძოლაში, პირდაპირ ვთქვათ, ვიბრძვით საკუთარი პროფესიის და სიცოცხლის გადასარჩენად. მე მინდა, კითხვა დავსვა, სად არის ჩემი საქმის გამოძიება, რას აკეთებს კოკა კაციტაძის უწყება და ასევე, სუსი, რომელმაც მოგვიანებით გვითხრა, რომ საკუთარ თავზე აიღებდა და გამოიძიებდა ამ ყველაფერს, არსაიდან ხმა, არსით ძახილი, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან "ტვ პირველის" ჟურნალისტები და ოპერატორები.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.