ცდილობენ ჩვენს დაშინებას და უნდათ, ის მაუწყებლები გამორთონ, რომლებიც ივანიშვილს ამხელენ - გურამ როგავა
ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა, ერთ-ერთი მათგანია, რომლის საქმეზეც დღემდე არავინ დასჯილა და არც დამნაშავე გამოვლენილა.
როგავა ამბობს, რომ პროფესიულ დღეს ჟურნალისტები მძიმე გარემოში ხვდებიან.
ჟურნალისტი მედიაზე თავდასხმებს და ჟურნალისტების დაკავებებს დაშინების მცდელობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ამით არა მხოლოდ „მათ ფიზიკურ გათიშვას, არამედ იმ მაუწყებლების გათიშვას ცდილობენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ამხელენ.“
პროფესიულ დღეს ძალიან მძიმე გარემოში ვხვდებით, მზია ამაღლობელი ციხეშია და უამრავი ჩემი კოლეგა ფიზიკური თავდასხმის სამიზნე გახდა და ეს არ იყო შემთხვევითი. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერებში ფიზიკურად გვისწორდებიან, საჯაროდ, ღია სივრცეებში, მერე გვეუბნებიან, რომ გამოძიება ამ ქვეყანაში თქვენ არ გეკუთვნით, ამიტომ თქვენი უფლებები არ იქნება დაცული. ამით ცდილობენ ჩვენს დაშინებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კაბალური კანონებით არამხოლოდ ჩვენს ფიზიკურად გათიშვას ცდილობენ, არამედ პირდაპირ უნდათ ის მაუწყებლები გამორთონ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ამხელენ, - ამბობს როგავა.
შეგახსენებთ, რომ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან "ტვ პირველის" ჟურნალისტები და ოპერატორები.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა.