ამ ქვეყანაში ყველაფრის გამოძიება მიმდინარეობს,გარდა იმისა,რატომ კვდებიან ადამიანები-“ნანუკას ფონდის“ ბენეფიციარის დედა
მშობლები, რომლებსაც “ნანუკას ფონდი“ დახმარებია, მოითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ფონდებზე მოიხსნას ყადაღა, რათა პაციენტებმა შეძლონ მკურნალობის გაგრძელება და მათი მდგომარეობა ფინანსების არ ქონის გამო, კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
როგორც ისინი ამბობენ, ახლა ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე და სწორედ ამიტომ, უნდა დაუშვან გამონაკლისი, რათა ბენეფიციარებმა საჭირო მკურნალობა მიიღონ.
“ამ ქვეყანაში ყველაფრის გამოძიება მიმდინარეობს, გარდა იმისა, რატომ კვდებიან ადამიანები“, - აცხადებს ნანუკას ფონდის ერთ-ერთი ბენეფიციარის დედა, სამოქალაქო აქტივისტი, თამარ იარაჯული.
არ მგონია, რომ ამ თხოვნაზე ვინმე არ წამოვიდეს, რადგან ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი, ძალიან მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ველოდებით პასუხს 30 მარტამდე, გამოძიების დასრულებამდე მოვითხოვთ, რომ მოიხსნას ყადაღა, მიეცით რაიმე სახის კანონიერი გაფრთხილება, რომ ეს თანხა ჩაერიცხოთ პაციენტებს, რომლებიც უნდა გაემგზავრონ, ან შიათ. ამ ქვეყანაში ყველაფრის გამოძიება მიმდინარეობს, გარდა იმისა, რატომ კვდებიან ადამიანები ან მშიერი, ან მედიკამენტის გარეშე და ან იმის გარეშე, რომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ ვერ მიდიან. ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზეა საუბარი, იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებზე, რომლებიც რეანიმაციაში წვანან და გარკვეულწილად თუ არ ჩაერიცხათ ფონდებისგან თანხა, შესაძლოა, აპარატიდან მოხსნან. არ ვიცი, ვინ იღებს ამას თავის თავზე“, - ამბობს თამარ იარაჯული.
ცნობისთვის, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა:
- საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.