"მოხსენით ყადაღა ფონდს, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი გენპროკურორს მიმართავს

21.03.25 20:38
"მოხსენით ყადაღა ფონდს, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი გენპროკურორს მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს. ნანუკას ფონდის დამფუძნებელი ყადაღის მოხსნას ითხოვს - მოტივი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. დღეს 11 ადამიანს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, მათ შორის 4 ბავშვია. მათ მკურნალობის თანხა ნანუკას ფონდიდან უნდა მიეღოთ, თუმცა ანგარიშები მეოთხე დღეა სრულად გაყინულია. ნანუკა სთავაზობს გენერალურ პროკურორს ან მოხსნას ყადაღა, ან ყველა გაჭირვებულს "ქართული ოცნება" თავად დაეხმაროს.

ნანუკას ფონდი 2020 წელს დაარსდა. წესდებაში, რომელიც გასაზღვრავს, ვის უნდა დაეხმაროს ფონდი, თავიდანვე გაწერილი იყო, რომ ჩარიცხული თანხებით დაეხმარებოდნენ სტიქიის დროს დაზარალებულებს, როგორც მოიქცა ფონდი გურიაში დიდთოვლობის დროს. უნდა დახმარებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფებს - ფონდი სწორედ სინდისის პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ეხმარება. წესდების თანახმად, ფონდი უნდა ეხმარებოდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭრიდება - თანხები სწორედ ამ მოქალაქეებს უნაწილდებათ - ახლა კი პროცესები გაურკვეველი დროით დაპაუზებულია.

დედები, რომლებსაც ნანუკას ფონდი დახმარებია, ამბობენ, რომ ადამიანების სიცოცხლე ანგარიშების გაყინვის გამო სასწორზე დევს. იმედოვნებენ, რომ პროკურატურა გაიაზრებს, რა ზიანის მომტანია ამ თანხების გაყინვა და ადამიანებისთვის გადარჩენის უფლების წართმევა.

ვრცლდა ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები