რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უწყვეტი პროტესტის მონაწილე სტუდენტების დაკავებისა, მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი მაინც დაიკავეს.
თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით დგანან. ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
მანამდე, სანამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, პოლიციამ დაკავებების სერია გაანახლა. პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის არიან თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.