"დაახლოებით 10-მდე პოლიციელი დამესია, ჩამტენეს მანქანაში" - თათია აფრიამაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს
რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ახალგაზრდების დაკავების ფაქტს, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული თათია აფრიამაშვილი "პირველებთან" იხსენებს.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი ყვება, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყვეტი პროტესტის მონაწილე მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პლასტმასის სკამები მიეტანათ. თათია აფრიამაშვილის განმარტებით, ფაქტმა გომელაურის უწყების წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც პოლიციამ სკამების წაღება სცადა.
"უარი განვაცხადე, რადგან ჩემი კუთვნილი ნივთები იყო. შემდეგ, დაახლოებით 10-მდე პოლიციელი დამესია, ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, პოლიციის შენობაში" - ამბობს ახალგაზრდა, რომელიც აღნიშნავს, რომ პარლამენტთან სამივე სტუდენტი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააპატიმრეს.
პლასტმასის სკამები შემოგვქონდა, რაზეც გვითხრეს, რომ საფრთხის შემცველი ნივთები იყო და ვერ შემოგვატანინებდნენ. შემდეგ გვითხრეს, რომ სკამები უნდა გაგვეტანა ტერიტორიიდან, რაზეც უარი განვაცხადე, რადგან ჩემი კუთვნილი ნივთები იყო. შემდეგ მითხრეს, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დამაკავებდნენ. შემდეგ, დაახლოებით 10-მდე პოლიციელი დამესია, ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, პოლიციის შენობაში.
ჩემთან ერთად დააკავეს თაკო გვილია და პოლიციის შენობაში რომ მივედით, შემოიყვანეს ლუკა გოგუა. იქ გავიგეთ, რომ ისიც დაკავებულია. ლუკასაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ტაში დაუკრა პოლიციას, ჩვენი დაკავების შემდეგ კითხვებს უსვამდა, მიეპარა ზურგით პოლიციელი, ისიც ჩატენეს და წაიყვანეს". - განაცხადა თათია აფრიამაშვილმა.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე გაათავისუფლეს. რაც შეეხება ლუკა გოგიას, ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, სტუდენტს წინასწარი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში დატოვებენ.