გაუშვებენ თუ არა ტაშის დაკვრის გამო დაკავებულ ახალგაზრდას ადმინისტრაციულ პატიმრობაში - ლუკა გოგია წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება
რუსთაველის გამზირზე დაკავებული ლუკა გოგია კვლავ დიღმის მთავარ სამმართველოში რჩება - ტაშის დაკვრის გამო დაპატიმრებულ ახალგაზრდას რეჟიმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
სავარაუდოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. "პირველების" ინფორმაციით, სწორედ ხვალ უნდა გახდეს ცნობილი, ტაშის დაკვრის გამო დაკავებულ ახალგაზრდას გაუშვებენ თუ არა რამდენიმეკვირიან პატიმრობაში.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.