"ლუკა პოლიციის თვითნებური გადაწყვეტილებით დააკავეს, ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია, როდის წარადგენენ სასამართლოში" - ადვოკატი

22.03.25 16:20
"ლუკა პოლიციის თვითნებური გადაწყვეტილებით დააკავეს, ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია, როდის წარადგენენ სასამართლოში" - ადვოკატი

რუსთაველის გამზირზე, ტაშის დაკვრის გამო დაკავებული სტუდენტი უფლებადამცველმა მოინახულა - იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა პოლიციის მიერ ლუკა გოგიას აყვანის ფაქტი უკანონო დაკავებად შეაფასა. 

უფლებადამცველის განმარტებით, სტუდენტი თვითნებურად, დაკავების პროცედურების დარღვევით დააპატიმრებს, ამიტომ მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48-საათიანი პატიმრობის ვადა გამოიყენოს.

"ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი სახის ინფორმაცია, როდის მოხდება მისი სასამართლოში წარდგენა" - აღნიშნა სტუდენტის ინტერესების დამცველმა. 

ლუკას დაკავება მოხდა პოლიციის თვითნებური გადაწყვეტილებით და არა სამართლებრივი მექანიზმით და სამართლებრივი მოთხოვნის ფარგლებში. ლუკა არ ჩადიოდა არანაირი ტიპის სამართალდარღვევას, ტაშს უკრავდა და იძახდა, ვინ დააკავესო პატარა გოგო დაიჭირესო. დარღვეულია, დაკავების პროცედურები, დარღვეულია დაკავების აუცილებლობის მოთხოვნები და ვფიქრობთ, რომ ეს არის უკანონო დაკავება და პოლიციის მხრიდან არის ზომის გადამეტებით გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ არის უკვე შესაძლებლობა, მოხდეს ლუკას სასამართლოში გადაყვანა, ამ დრომდე არ გვაქვს არანაირი სახის ინფორმაცია, როდის მოხდება მისი სასამართლოში წარდგენა, არანაირი სამართლებრივი მოთხოვნა არ არის, არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ უნდა იყოს იმისთვის დარჩენილი, რომ ლუკა იყოს დაკავებული ამ ეტაპამდე. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიზანმიმართულად ხდება მისი იზოლატორში გაჩერება და დაკავება", - ამბობს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო. 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა. 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის მოქალაქეებმა პლასტიკის სკამები მიიტანეს. ვახო გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სკამები წაართვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების მანქანაში ჩატენეს. ახალგაზრდებთან ერთად "დაპატიმრებულია" სკამებიც.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.