"ამერიკელებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი მეგობრობა ორმხრივია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

დიდი პროტესტის დღე თბილისში - "მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად, თბილისის ქუჩებში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც უერთდება.
ტელეწამყვანი დღევანდელი მარშის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა, ქართველმა ხალხმა ამერიკელ პარტნიორებს მკაფიოდ აჩვენოს, რომ მეგობრობა ორმხრივია.
დღეს, 20:00 საათზე ვიკრიბებით მარჯანიშვილზე და დღევანდელ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დღევანდელ შეკრებას, დღევანდელ სიმრავლეს, იმიტომ რომ 27- ში ამერიკაში განიხილება "მეგობარი აქტი", რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის, რომელსაც ამ ქვეყნის გადარჩენა უნდა და ჩვენ ამერიკელებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი მეგობრობა არის ორმხრივი. ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ მარჯანიშვილზე", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
დღეს, 20:00 საათზე, "მეგობარი აქტის" განხილვამდე 5 დღით ადრე, ევროპული მომავლის მცველები ისევ ქუჩაში გამოდიან. შეკრების ადგილი მარჯანიშვილის მოედანი იქნება. დაგეგმილია მსვლელობა სანაპიროდან რუსთაველის გავლით. საბოლოო ლოკაცია კი საკანონმდებლო ორგანო იქნება.
შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი "მეგობარ აქტს" განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. "მეგობარი აქტის" წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სურს.