"დაშინების მცდელობაა, მოკვლევა ვასილ მაღლაფერიძის ბრძანებით დაიწყეს" - ნინო ზაუტაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ საკითხის მოკვლევას ნინო ზაუტაშვილი დაშინების მცდელობად აფასებს.
- საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, სადაც პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
ჟურნალისტი ხელს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ადებს და პირდაპირ ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების უკან ვასილ მაღლაფერიძე დგას.
რა იდეებიც არ უნდა მიეწოდებინათ მათ ერთმანეთისთვის და ბრძანებები გაეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისთვის, ეს ყველაფერი დავიწყოთ იქიდან, რომ იყო უკანონო, იმიტომ რომ ეს მოკვლევა იყო ერთი ადამიანის, ბორდის თავმჯდომარის, ვასიკო მაღლაფერიძის მითითებით, განცხადებითა და ბრძანებით, რომ დაეწყოთ მოკვლევა, არანაირი კენჭის ყრა, არანაირი გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება ამას საფუძვლად არ ედო. ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. რაღაც ჭორაობის ტოლფასი, გაუგებარი გასაუბრებები სრულიად, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა იძახონ, ეს არის დაშინების მცდელობა", - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მათი პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი რეპორტიორების წინააღმდეგ საკითხზე მსჯელობა დაასრულა. პირველი არხის ბორდის წევრებმა არხის ტელევიზიის მენეჯმენტს ვასილ ივანონ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის საქმის პროკურატურაში წაღება შესთავაზეს.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე ის ჟურნალისტები, რომლებიც ქვეყანაში არსებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ინტერესებისგან დაცლილი მედიაპროდუქტის ჩვენებას ითხოვდნენ, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულეს.