2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა 8.3 %-ით გაიზარდა - საქსტატი

24.09.21 12:16
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში სიკვდილიანობა 8.3 %-ით  გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 %-ით  გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა, მათ შორის 26 211 კაცი და 24 326 ქალი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2020 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 27.5%, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 1.5 %.

 საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია,  რომ 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (43.8 %.) და სიმსივნეები (16.0 %.).

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკურმონაცემებს  დაემატა გარდაცვალების ახალი მიზეზი, ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19), ვირუსი ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია. კორონავირუსით, საქართველოში 2020 წელს 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მთლიანი გარდაცვალებების 5.1 %-ია. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით,5 წლამდე ასაკის ბავშვებში  სამ ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები და უბედური შემთხვევები.

5-14 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს უბედური შემთხვევები და ავთვისებიანი სიმსივნეები ორივე სქესისთვის. ბიჭებისთვის ასევე დიდ წილს იკავებს ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების სხვა ავადმყოფობები (10.3 პროცენტი), ხოლო გოგონებისთვის − პნევმონია (11.4 პროცენტი).

ავთვისებიანი სიმსივნეებით გარდაცვალება ჭარბობს ისეთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორიცაა 15-69 (კაცების შემთხვევაში 20.5 პროცენტი, ქალების − 32.2). ამ ასაკობრივ ჯგუფში ასევე დიდ წილს იკავებს გულის იშემიური და ცერებროვასკულური ავადმყოფობები.

აღსანიშნავია, რომ 15-69 წლის ასაკის ქალებს შორის გარდაცვალების სამ ძირითად მიზეზს შორის დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება და მისმა წილმა მთლიან ქალების გარდაცვალებაში შეადგინა 8.0 პროცენტი. 70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც მოსალოდნელია, ჭარბობს გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები.

მსგავსი სიახლეები