არის თუ არა გახარია ,,კოკაინშიკი"? - მმართველ გუნდსა და გახარიას პარტიას სხვადასხვა ვერსია გააჩნიათ

24.09.21 15:49
არის თუ არა გახარია ,,კოკაინშიკი"? - მმართველ გუნდსა და გახარიას პარტიას სხვადასხვა ვერსია გააჩნიათ

კობახიძის რიტორიკას გახარიას ნარკომომხმარებლობაზე კალაძე ისევ ემიჯნება. დედაქალაქის მერი ვერაფერს ამბობს ქალზე, რომელმაც, კობახიძის მტკიცებით, გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა. რატომ მოდის ,,ოცნების" ორი ლიდერის განცხადებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში? -კალაძე ტვ პირველს კობახიძესთან ამისამართებს და მისგან განსხვავებით უჭირს, მტკიცებით ფორმაში ყოფილ ლიდერს ნარკომომხმარებელი უწოდოს. გახარიას გუნდში კი მტკიცებულებებს ითხოვენ.

კალაძეს უხერხულობა შეუქმნა ირაკლი კობახიძის განცხადებამ გახარიას კოკაინდამოკიდებულების შესახებ. ქალაქის მერი და ,,ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ კითხვები პარტიის თავმჯდომარეს უნდა დაუსვან, თვითონ კი ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

მე არასდროს გახარია და კოკაინი არ მიხსენებია. ეს კამპანია წამოიწყო თავად გახარიამ. ჯერ მზად იყო, ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო, გაუგებარია, შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, ან იქ რა უნდოდა, ესეც გაუგებარია, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა მისმა ქმედებებმა.

 რატომ საუბრობს კობახიძე მტკიცებით ფორმაში, ეს თავად კობახიძეს ჰკითხეთ, ხომ გაქვთ კომუნიკაცია? - აცხადებს თბილისის მერი.

კალაძისგან განსხვავებით, ,,ოცნების" ერთ-ერთი სახე, გია ვოლსკი, კობახიძის ვერსიას სარწმუნოს უწოდებს.

არ გაიკეთა ტესტირება, მერე აგინა იმ ტესტირების ჩამბარებელ ორგანიზაციას, მერე წავიდა და ვითომ გაიკეთა ტესტირება,  იმასაც ვერ ადასტურებს, უკვე ქმნის საფუძველს, რომ ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძის არგუმენტები უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, ვიდრე გახარიას რომელიმე თანაგუნდელის - თქვა გია ვოლსკიმ.

გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ რაც უფრო განავითარებენ და ისაუბრებენ გახარიას ნარკოტიკებთან შემხებლობის თემაზე, მით უფრო აუწევენ რეიტინგს პარტიას ,,საქართველოსთვის" და წინასაარჩევნოდ ,,ოცნება" ბევრ ფანტასტიკური ჟანრის ისტორიას შემოგვთავაზებს.

დღეს არის ის ქალი, ხვალ შეიძლება, ვიღაც კაცი იყოს, ზეგ შეიძლება, თავად გახარია აღმოჩნდეს ერთ-ერთი მსხვილი ნარკოკარტელის ორგანიზატორი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. სასაცილოა ეს!

ბატონი კობახიძის განცხადებები არის უბრალოდ სასაცილო, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს კობახიძე, მით უფრო მეტი კარგი იქნება ჩვენი რეიტინგისთვის, - ამბობს ქემოკლიძე.

ნარკოტესტის სკანდალში გუშინ კიდევ ერთი ფიგურა გამოიკვეთა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იცნობს ქალბატონს, ვინც პრემიერობიდან წამოსვლის შემდეგ გახარიას ნარკოტიკი გაასინჯა. 

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ასეთ ბინძურ კამპანიას ირაკლი კობახიძე ვერ წამოიწყებდა ბიძინა ივანიშვილის გარეშე.