"მოგვმართა შსს-მ" - რატომ დაარღვია საპატრიარქოს კლინიკამ კანონი ლაშქარავას კადრების გასაჯაროებით
რატომ დაარღვია კანონი საპატრიარქოს კლინიკამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე? ,,წმინდა ოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრი" დაჯარიმების შემდეგ ,,პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია და კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს. როგორც ჩანს, კლინიკისთვის მოთხოვნა საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა ახლა თავს იკავებენ თქვან, როდის ჩაბარდათ საპროცესო დოკუმენტი, რომელიც კადრების გადაცემის პროცესში გომელაურის უწყების თანამშრომელს მათთვის არ გაუფორმებიათ.
ვეფხია ოდიშარია ამბობს, რომ კადრები შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე გასცეს.
ჯერ-ჯერობით არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ არის მოსული ჯარიმასთან დაკავშირებით, მოვა დოკუმენტი და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი რეაქცია. შსს-სგან იყო წერილობითი მომართვა და ჩვენ ვეცადეთ, დავხმარებოდით სახელმწიფოს. ჩვენ არ ვმალავთ, ყველგან გაკრულია, რომ მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო ჩაწერა", - ამბობს ვეფხია ოდიშარია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ,,იოაკიმესა და ანას სახელობის კლინიკას" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 46-ე მუხლების პირველი პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. კლინიკას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ინსპექტორმა "ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და უწყება 2 000 ლარით დააჯარიმა.