დაპირისპირება დმანისში - დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

24.09.21 15:26
დაპირისპირება დმანისში - დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა

დმანისში მომხდარი დაპირისპირების მონაწილე დავით დაუთაშვილს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლევან ბარდაველიძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. საქმეზე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 

დავით დაუთაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ მან დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. დაუთაშვილმა ასევე თქვა, რომ დანაშაულის მოტივი პოლიტიკური არ იყო. 

დავით დაუთაშვილის მამა, მიხეილ დაუთაშვილი, ამტკიცებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულიც ამიტომ ჩაიდინა.

მკურნალობას გადიოდა ფსიქიატრიულში, ეხლა მყავდა ერთი თვის წინ. პოლიციამ ამოიღო დასკვნები. ჩემი შვილის მდგომარეობა კარგად იცოდნენ კახა ოქრიაშვილმა და მისმა ზონდერებმა და შეგნებულად  პროვოკაციაზე წამოგვაგეს და წამოაგეს შვილი, ოჯახი დამიღუპეს და თავიანთი თავიც ლამის დაღუპეს", - ამბობს მიხეილ დაუთაშვილი.  

დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს  წარედგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას, წარმოშობილი კონფლიქტის დროს დაუთაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაუთაშვილს  7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

მსგავსი სიახლეები