ქალი გაკოჭეს, ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს - ყაჩაღობა მარნეულში

27.09.21 10:58
 ქალი გაკოჭეს, ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს - ყაჩაღობა მარნეულში

ჯგუფური ყაჩაღობა მარნეულში - 4-მა პირმა ქალი გაკოჭა ფული და ძვირფასი ნივთები წაართვა. შსს-სამინისტროს ცნობით, ოთხივე ბრალდებული დაკავებულია. მათგან ერთი  წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის - 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.
თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.