ონკოპაციენტების პასუხი რეჟიმს: "ოცნებამ" განაჩენი გამოგვიტანა

ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის ფონზე, მძიმე დიაგნოზის მქონე მოქალაქეები "ქართულ ოცნებას" პასუხობენ - ონკოპაციენტები, რომლებმაც სიცოცხლის შენარჩუნება საზღვარგარეთ მკურნალობით შეძლეს, ივანიშვილის რეჟიმს ეუბნებიან, რომ ოლიგარქის გუნდს EU-თან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, ფაქტობრივად, პაციენტებისთვის განაჩენი გამოაქვს.
ონკოლოგიური პაციენტები "პირველებთან" ამბობენ, რომ საქართველოში შესაბამის მკურნალობას ვერ იღებდნენ, რაც ექიმების არაკომპეტენტურობასა და სამედიცინო პროცედურების მაღალ ფასებს უკავშირდება.
მათივე განმარტებით, ასეთ მოცემულობაში ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება და იქ სრულფასოვანი მკურნალობა იყო, რამაც მათი სიცოცხლე გადაარჩინა.
ფაქტობრივად, სახელმწიფოს გამოაქვს განაჩენი იმ ადამიანებისთვის, ვისაც კი კიდევ აქვს შანსი, რომ წამოვიდეს. ცუდად აისახება ყველა იმ ადამიანზე, ვინც სამკურნალოდ თავს აფარებდა ევროპას. ამის ცხადი მაგალითი თავად ვარ. რომ არა ჩემი წასვლა და მათი მკურნალობა, მე ნამდვილად არ ვიქნებოდი დღეს ცოცხალი. საქართველოში პირდაპირ გამომიცხადეს, რომ მოდი რამდენიმე თვე დაველოდოთ და შევხედოთ, რა იქნება.
არანაირი ზომა არ მიიღეს სასწრაფოდ, რაც მჭირდებოდა. გერმანიამ მომხედა და იმ მდგომარეობაში ფეხზე დამაყენეს. ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც თვეში 1-ელ უნდა გადაგზავნო, გაძვირდა და ღირს 200 ლარი. ნაწილი ფინანსდება კვლევის და ნაწილი არ ფინანსდება. თუ საჭიროდ ჩათვალა ექიმმა და 2-3 კვირაში დაგჭირდება იგივე კვლევა, ეს საერთოდ არ ფინანსდება. წარმოუდეგენელ ხარჯებს ვაწყდებოდი". - განაცხადა მოქალაქემ.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე "პირველებს" უყვება, რომ ვიზალიბერალიზაციის დამსახურებით უცხოეთში სამკურნალოდ უპრობლემოდ წავიდა. ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთში არამხოლოდ სამკურნალო ხარჯები, არამედ ბინის ქირა და კომუნალურებიც კი დაუფინანსდა.
რა თქმა უნდა, ესე მარტივადაც ვერ ჩამოვიდოდი და ესე მარტივი გზის გავლა არ მომიწევდა. უდიდესი პრობლემები მექნებოდა, ან შეიძლებოდა საერთოდ ვერ მომეხერხებინა აქ ჩამოსვლა. სამწუხაროდ, რაც მოვიკითხე საქართველოში ისეთ ხარჯებთან იყო დაკავშირებული ყველაფერი. ბევრიც აღარ მიფიქრია ამ თემაზე და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი საფრანგეთში.
პირველივე დღიდან რომ დამიწყეს ყურადღება, დღემდე უყურადღებოდ არ ვარ. რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული, ალბათ ყველა კარგად ხვდება და მე ერთი ევროც არ გადამიხდია. საბედნიეროდ, ყველაფერი გამიკეთეს უფასოდ. ჩვეულებრივად მაჩუქეს სიცოცხლე. დღევანდელი მდგომარეობით, რასაც მეუბნებიან ექიმები, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობა მაქვს. სახლში არაფერში, არც წყალში, არც ელექტროენერგიაში და არც გაზში ფულს არ ვიხდი, - ამბობს მოქალაქე.