ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ტვ პირველმა კიდევ ერთი ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

28.09.21 20:11
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ტვ პირველმა კიდევ ერთი ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

კიდევ ერთი ექსკლუზიური კადრები ნიკა კვარაცხელიას საქმეში - ტვ პირველმა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოიპოვა. სწორედ ამ ადგილზე გადაადგილდებოდა ორი  ბრალდებული მკვლელობის შემდეგ. სავარაუდოა, რომ ეს ადგილი მათ გამიზნულად,  წინასაწარ ჰქონდათ შერჩეული, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ იყო. 

ჩანაწერები კამერებიდან  სამართალდამცველებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამოიღეს. ამ დრომდე არ დაუკითხავთ არც ერთი პირი, რომელთაც შესაძლოა,  ბრალდებულების მარშრუტი სცოდნოდათ. 

სასტიკი მკვლელობის საქმეზე ტვ პირველისთვის კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი. მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ბრალდებული გიორგი კავილაძე თურქეთში იმყოფებოდა. არსებობს ეჭვი, რომ სწორედ იქ მოხდა მისი და კრიმინალური სამყაროს წევრების შეხვედრა, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის დავალება გაიცა. 

ტვ „პირველის“ ინფორმაციით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ამ დროისათვის თურქეთში იმყოფებიან. მათ საქართველო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე საათში ისე დატოვეს, რომ არც საზღვრის კვეთისას შეუფერხებია ვინმეს. უცნობია ისიც, მფარველობდა თუ არა გავლენიანი პირები მათ შეუფერხებელ გადაადგილებას.

15 სექტემბერს, თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ამ დრომდე არავინ არის. საგამოძიებო უწყება დუმს და არ პასუხობს მთავარ კითხვას - როგორ დატოვეს ქვეყანა ბრალდებულებმა ისე, რომ მათ  გზაზე ვერსად  ვერავინ გადაეღობა.