„ცრუ მოწმე", „მატყუარა" - მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელია მივიდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც რეჟიმის ტყვე ჟურნალისტის მზია ამაღლობელის პროცესი იწყება, პოლიციელების ალყაშია. დღევანდელ სხდომაზე ე.წ. მოწმე პოლიციელები უნდა გამოიკითხონ.
გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე ადგილზე უკვე მივიდნენ. მოქალაქეებმა ბესელია შენობაში საპროტესტო შეძახილებით "ცრუ მოწმე!" "მატყუარა!" შეაცილეს. რაც შეეხება დგუბუაძეს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალი ჟურნალისტის მიერ გაწვნილი სილის გამო, ტკივილი განიცადა, ის შენობაში ისე შეიყვანეს, რომ მისთვის მედიას კითხვები არ დაესვა.
"პირველების" კითხვას, რა საჭიროა სასამართლოსთან ამდენი ძალოვანის მობილიზება, პოლიციელები პასუხობენ, რომ "უსაფრთხოებას იცავენ".
პროცესს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები ესწრებიან.
რაც შეეხება პროცესზე დამსწრეებს, ამბობენ, რომ დღევანდეილ სხდომისგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ. ზვიად ქორიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ სასამართლო ივანიშვილის დაკვეთით მოქმედებს.
მოლოდინი იმის, რომ მზია ამაღლობელს დღეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლებენ, რომ მოსამართლე იქნება იმ პოზიციაზე, რომ სამართალმა იზეიმოს, რა თქმა უნდა, არ მაქვს. დღეს ვნახავთ რამდენად აგრესიული რამდენად რეპრესიული პროკურატურა, პოლიცია, რომელთა წარმომადგენლებიც დღეს აქ არიან მოსულები. ჩენ კიდევ ერთხელ ვნახავთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე იქნება ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ჯიბის მართლმსაჯულება, - ამბობს ზვიად ქორიძე.
ამის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ კლუნების ოჯახი მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს. "ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო პროცესსა და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ჟურნალისტის საქმეს თვალს მსოფლიო ადევნებს.