სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილი დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა

28.04.25 13:20
სისხლიანი ანგარიშსწორება გორში - დაჭრილი დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა

გორში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორებისას დაჭრილი დავით ცაციაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "პირველებს" "გორმედში" დაუდასტურეს. 

არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის ერთი-ერთი გულის არეში. 

მკვლელობა რამდენიმე საათის წინ, წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა. როგორც "პირველებს" ადგილზე უყვებიან, განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულმა 50 წლის სერგო ახალკაცმა, თავდაპირველად სავაჭრო ცენტრიდან დავით ცაციაშვილი გაიყვანა, მას შემდეგ კი რაც შუახნის კაცი, მაღაზიაში არ დაბრუნდა, მამის მოსაძებნად ქუჩაში 32 წლის გიორგი ცაციაშვილი გავიდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სწორედ მაშინ გაუხსნა დაკავებულმა ცეცხლი ახალგაზრდა კაცს, შემდეგი სამიზნე კი დავით ცაციაშვილი გახდა. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, საქმე სავარაუდოდ, მოკლულებისა და დაკავებულების ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა - სამივე მათგანი, მამა-შვილი ცაციაშვილები და სერგო ახალკაცი სავაჭრო ცენტრში, გვერდიგვერდ ვაჭრობდნენ. 

ამ დროისთვის მოპოვებული ცნობების თანახმად, ახალკაცსა და ცაციაშვილებს შორის დაპირისპირება ლილოში დაიწყო, როცა ახალკაცი პაპიაშვილს დაუპირისპირდა. უთანხმოება დღეს დილით გაგრძელდა, რაც საბოლოოდ, ორი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. 

რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე, რომ გავიქეცით, დავინახეთ, რომ მამა უკვე ძირს იწვა. როგორც გავიგეთ, მამა-შვილს ესროლეს, სამწუხაროდ, ბიჭი ადგილზე გადაიცვალა, მამა კი ძალიან მძიმედ იყო.

ვერ გავიგეთ, რა მოხდა, რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, როგორც გავიგეთ, ჩხუბი მოუვიდათ ბიზნესიდან გამომდინარე, ორივე სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდა.

ლილოშივე მოსვლიათ შეკამათება, შემდეგ კი აქ გაგრძელდა და ასეთი უბედური შემთხვევით დამთავრდა.

მამა ძირს იყო და თავის არიდან სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ამბობენ, რომ გულის არეში აქვს ნასროლიო. პირქვე დამხობილი იყო ეს მამაკაცი და თვითონ შეძლო და გადმობრუნდა მერე.

ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც თავი ეჭირა და ახლოს რომ მივედი უკვე მძიმედ სუნთქავდა. სამი გასროლის ხმა გავიგე მე და ქალის კივილზე გავიქეცით ყველა და მაშინვე 112 - ში დავრეკეთ"- აცხადებს თვითმხილველი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები