გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა და ის დამნაშავედ სცნო.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.