სასტიკი მკვლელობა სავაჭრო ცენტრში - რა მოხდა გორში
ბიზნესმენი მამა-შვილისთვის გორის სავაჭრო ცენტრში დღეს დაწყებული სამუშაო დილა საბედისწერო აღმოჩნდა. გიორგი და დავით ცაციაშვილები ბიზნესმენმა, 50 წლის სერგო ახალკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა. შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. თავდაპირველად, წმინდაწყლის ქუჩაზე გასროლის და ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს. გარეთ გამოსულ ხალხს კი უმძიმესი სურათი დახვდათ. ბრალდებული ახალკაცი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ახალგაზრდა ბიჭი, გიორგი ცაციაშვილი კი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
ბიზნესმენებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორებისას დაჭრილი დავით ცაციაშვილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა. "გორმედის" ექიმის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს დანა გულის არეში ჰქონდა ჩარტყმული, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სერგო ახალკაცსა და ცაციაშვილებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სავაჭრო ცენტრის შიგნით დაიწყო. ახალკაცმა საქმის გასარჩევად, თავდაპირველად, უფროსი ცაციაშვილი მაღაზიიდან სავაჭრო ცენტრის შიდა ეზოში გაიყვანა. სწორედ აქ გადაიზარდა სიტყვიერი შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში. ამ დროს მამის მოსაძებნად შიდა ეზოში გასულ გიორგი ცაციაშვილს ბრალდებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, რა დროსაც ახალკაცმა ტერიტორიის დატოვება სცადა, თუმცა მოკლული ბიჭის, მამა დავით ცაციაშვილი უკან დაედევნა.
სწორედ ამ დროს გახდა უფროსი ცაციაშვილი ახალკაცის მორიგი სამიზნე. კაცს გორის ცენტრალურ ქუჩაზე მაკაროვის ტიპის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და სასიკვდილოდ გაიმეტა.
მკვლელობა გორში - დეტალები ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.