ამოვწურავთ შიდა საკანონმდებლო მექანიზმებს და საქმეს სტრასბურგში წავიღებთ - ოკმელაშვილის ადვოკატი
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის უფლებადამცველები აანონსებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა კაცის ადვოკატებმა მედიასთან ისიც თქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას არ შეცვლის, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავა.
დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ესენი არიან მთლიანად შეთანხმებულები, კონკრეტულად იმ ნაწილში, რომ ყველა დამნაშავედ ცნონ, მოიყვანონ ცრუ მოწმეები და ამით ჩვენ დაგვაზარალონ. ძირითადად, აქვთ ეს საქმიანობა და ყველასთან ამას გააკეთებენ. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, წავიღებთ უზენაესში. უზენაესი ან მიიღებს, ან არ მიიღებს. შემდეგ ჩვენ ამას წავიღებთ სტრასბურგში და იქ გავასაჩივრებთ". - განაცხადა ადვოკატმა.
არანაირი გზით არ დგინდება, რომ ვიდეოჩანაწერში გამოსახული პირი არის ალექსანდრე ოხანაშვილი, ან სხვა კონკრეტული პირი. ეს არ არის დადგენილი. ამ კუთხით წარმოდგენილია, მხოლოდ და მხოლოდ, თავად ალექსანდრე ოხანაშვილის გამოკითხვის ოქმი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის სანდო მისი გამოკითხვის ოქმი. თქვენ ნახეთ სასამართლო დარბაზში, რომ მისი ჩვენება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ ძირითად ვიდეოჩანაწერთან. ამ ნაწილში უზენაეს სასამართლოს ჩათვლით ამოიწურება შიდა საკანონმდებლო მექანიზმები და შემდეგ, საქმის ამ ნაწილში გვექნება სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში". - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა და ის დამნაშავედ სცნო.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
შეგახსენებთ, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.