ხმაური ჭიათურაში - პოლიციამ პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს
ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას BM.GE მაღაროელ ტარიელ მიქაცაძეზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.
დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია.
მხოლოდ გვითხრეს, რომ დასაკითხად მიჰყავდათ. ვცადეთ ტელეფონით გადაგვეღო, თუმცა უფლება არ მომცეს, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.
მიქაცაძის ინფორმაციითვე, გუშინ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ.
პარალელურად, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა.
ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.
პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.