ეს არის ტერორი, არ გვეშინია - ეკა მიშველაძე ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან მივიდა

29.04.25 11:21
ეს არის ტერორი, არ გვეშინია - ეკა მიშველაძე ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან მივიდა

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე რამიშვილის ქუჩაზე იმყოფება, სადაც პროკურატურა "ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელის სახლში ჩხრეკას ატარებს. 

ეს არის "ტერორი"- უთხრა "ტვ პირველის" წამყვანმა ჟურნალისტებს. 

ეს ყველაფერი რაც ხდება დღეს დილიდან და საერთოდ, რაც ხდება ბოლო დროს საქართველოში, ეს არის ტერორიზმი. ტერორისტულ დაჯგუფებას დანაშაულებრივ სინდიკატს ჰყავს ეს ქვეყანა ჩაგდებული ხელში და ყველანაირად ცდილობენ, გვაცხოვრონ ტერორში. ეს არ არის ნორმალური საქციელი, არც კანონთან, არც სამართალთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს და ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ხალხი დააშინონ, ხალხი ქუჩაში აღარ გამოვიდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მიიღებენ სრულიად საპირისპიროს.

არ გვეშინია, ვისთანაც არ უნდა შევიდნენ, რამდენი ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენ ამ დანაშუალებრივ სინდიკატს, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ , პუტინის დაჯგუფების და ხელისუფლების ფილიალს აუცილებლად დავასრულებთ და ეს იქნება ბევრად უფრო ადრე ვიდრე ჰგონიათ ამათ", - ამბობს ეკა მიშველაძე.

რამიშვილის ქუჩაზე ჩხრეკა დილის 8 საათზე დაიწყო. ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი პროკურატურის  და სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ, ამ დროს სახლში ტელეწამყვანის მამა და არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.