„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის სახლში ჩხრეკა დასრულდა - ცქიტიშვილი დაკავებას არ გამორიცხავს

29.04.25 12:18
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის სახლში ჩხრეკა დასრულდა - ცქიტიშვილი დაკავებას არ გამორიცხავს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.

როგორც ქციტიშვილი აცხადებს, მისი სახლიდან პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი წაიღეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორი დაკავებას არ გამორიცხავს.

„ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის შემდეგ გამაცნეს მეორე განჩინება და გაჩხრიკეს ჩემი სახლი. ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია ამ რეჟიმის, შესაბამისად უფლებადამცველი ორგანიზაციები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 

ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. რამიშვილის ქუჩაზე პოლიციელები უპრეცედენტო რაოდენობაა. ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტის ახლობლები, ოჯახის წევრები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.