ჩხრეკა იყო ჩემს ბინაშიც, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს და წავიდნენ - გუგა ხელაია

29.04.25 13:08
ჩხრეკა იყო ჩემს ბინაშიც, კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს და წავიდნენ - გუგა ხელაია

ფონდ "ერთმანეთისთვის" დამფუძნებელი გუგა ხელაია, რომლის ბინაშიც დღეს პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სამართალდამცველმებმა მას ტელეფონი ჩამოართვეს და დაულუქეს. ხელაიას ინფორმაციითვე, პოლიციამ მის სახლში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა. 

მეგობრებო, იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა. 
უდიდესი ალბათობით დაკითხვებზე დამიბარებენ და გაგრძელდება ეს პროცესი. შემდეგ რა იქნება არ ვიცი და აქვე გაგიზიარებთ, - წერს ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის დამფუძნებელი, გუგა ხელაია.

 

შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა დღეს დილიდან რეკების სერია დაიწყო. პოლიცია ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში შევიდა. 

მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ. 

პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.