ჩემი სახლიდან გამომძიებლებმა ბიძაჩემის ტელეფონი წაიღეს - მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა - როგორც გეგუჩაძე "პირველებთან" ამბობს, პროკურატურის წარმომადგენლებმა მისი სახლიდან ბიძის ტელეფონი წაიღეს.
ცნობისთვის, მარიამ გეგუჩაძე პროკურატურამ მისსავე სახლში ჩხრეკას არ დაასწრო.
ჩემს სახელზე არის სახლი, დაამთავრეს ჩხრეკა, მე არ შემიშვეს და ბიძაჩემის ტელეფონი ამოიღეს. რა შუაშია ბიძაჩემი, ჩემს სახელზეა სახლი", - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
ჩხრეკა დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.
მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ.
პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.