"დაშინების მცდელობაა" - ადვოკატი ჩხრეკების სერიაზე
ალეკო ცქიტიშვილის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ფონების საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ინტერესების დამცველის თქმით, მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, რეალობას არ შეესაბამება.
ნესტან ლონდარიძე პირდაპირ ამბობს, რომ რასაც დღეს რეჟიმი აკეთებს, დაშინების მცდელობაა, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ.
არასწორი მიმართულებით მიდიან, გამოძიება მითუფრო, მუხლი, რაც აქვთ აღძრული, ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც უნდა იყოს. ეს არის საბოტაჟის მუხლი, ეს არის უცხო სახელმწიფოსთვის და უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ძალიან საინტერესოა, როგორ დასაბუთდება ეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო მოქმედებებიც და მთლიანად ეს პროცედურა, დაადასტურებს იმას, რომ არანაირი კავშირი მსგავს მუხლებთან და მსგავს საქმიანობასთან ამ ორგანიზაციებს არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, მოლოდინი მაქვს, რომ ეს საქმეები თაროზე შემოიდება. ეს არის დაშინების მცდელობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ ამათი ამ ქმედებებით არ შინდება და პირიქით, ჩვენ ვართ სწორ მხარეს და გავაგრძელებთ იმ მუშაობას ხალხისთვის, რასაც ვაკეთებთ, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.
შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა დღეს დილიდან ჩხრეკების სერია დაიწყო. პოლიცია ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის, ასევე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებში შევიდა.
მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ.
პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.