იოსელიანი: სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, არასრულწლოვანს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

29.04.25 14:23
იოსელიანი: სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, არასრულწლოვანს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

ჩხრეკების სერია თბილისში - საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება.

"სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო - ჩხრეკა დასრულდა სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 

არასწრულწლოვანი იმყოფება ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც, სადაც ამ წუთებშიც გრძელდება ჩხრეკა.

დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ.