როგორ სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები - ევროკავშირის ელჩი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
როგორ სრულდება ევროკავშირის რეკომენდაციები? ევროკავშირის ელჩისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დასრულდა.
პაველ ჰერჩინსკის არც შეხვედრის დასაწყისში, არც მისი დამთავრებისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა არც შალვა პაპუაშვილი.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად, განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენელი ოპოზიცია თავს დაესხა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ქმედებაში დადო ბრალი.
12-ვე პუნქტის ნაწილში ეს რეკომენდაციები იქნება ბოლომდე შესრულებული. ამის წინაპირობაა ის განხორციელებული საქმიანობა, რომელიც აქამდე გაკეთდა.
ის, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამ პროცესს ჩრდილი მიაყენოს, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ ინტერესი, ეს რეკომენდაციები შესრულდეს. პირიქით, მათი მიზანია, ამ პროცესს ჩრდილი მიადგეს, ვერ შესრულდეს და ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.- განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკავშირის ელჩის პოზიცია კი ამ საკითხთან დაკავშირებით მედიისთვის ცნობილია. პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია ამ საკითხებზე საუბარი. საბოლოო გადაწყვეტილება კი იმის მიხედვით იქნება მიღებული, როგორი ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდება საქართველოში.