"აირზენას" მფლობელი დაასანქცირეს
პუტინის წინაშე ქედის მოხრა Georgian Airways-ს ძვირი დაუჯდა -სანქციები, რომელიც მოსალოდნელი იყო. თამაზ გაიაშვილი, მისი ძმა დავით გაიაშვილი და ვალერი კვარაცხელიას შვილი - დღეიდან ეს გვარები დასასანქცირებელთა სიაში არიან. უკრაინამ ყველა ის პირი შეიყვანა სანქციების კანდიდატთა ჩამონათვალში, ვინც რუსეთთან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს და რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში ემსახურება. თამაზ გაიაშვილი, რომელიც საჯაროდ უხდიდა პუტინს მადლობას ფრენების აღდგენის გამო, დღეიდან უკრაინაში პერსონა ნონ გრატაა. ისევე როგორც მისი ძმა და პრორუსი პოლიტიკოსის შვილი, რომლის დაფუძნებული კომპანიაც რუსულ რეისებს ემსახურება.
უკრაინის სანქციების სია კი სახელმძღვანელოა ყველა პარტნიორისთვის. შესაბამისად დასავლეთის სანქციებამდეც ერთი ნაბიჯია დარჩენილი. თუმცა ეს ქართული ოცნებისთვის ბარიერი არ არის და ქართულ ცას კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას უხსნის. ამჯერად დასანქცირებულს. Red Wings-ი ქუთაისში იფრენს. მოსკოვს ამ რეისზე დიდი იმედები აქვს. ქუთაისი რუსებისთვის ახალი ჰაბი უნდა გახდეს, რომელიც მათ ევროპასთან დააკავშირებს.
პუტინის წინაშე ქედის მოხრა Georgian Airways-ს ძვირი დაუჯდა - ყველა დეტალი ლიზა ლასარეიშვილმა გაარკვია