ძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ - სასამართლო სხდომის დეტალები

15.10.26 14:04
ძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ - სასამართლო სხდომის დეტალები

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები მათ მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

მეტიც, სასამართლო პროცესზე დავით კაკულიამ კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდა. 

დავით კაკულიას განცხადებით, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა არ ვცნობ! ეს სხდომა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს! პროკურატურას აქამდე უნდა შეეწყვიტა გამოძიება. ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ერთი ცრუ მოწმეც ვერ მოიყვანა. აქედან გამომდინარე კვარაცხელიების ოჯახს მინდა მივმართოთ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია“, - განაცხადა დავით კაკულიამ.

დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს. საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

შესაბამის შეთავაზებას სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საქმეზე ბრალდებულებს ავტომატურად უკეთებს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კაკულიებს დეტალურად განუმარტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, თუმცა, ძმებმა აღნიშნულით სარგებლობაზე უარი განაცხადეს.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ძმებ კაკულიების ადვოკატმა - შოთა კაკულია ირწმუნებოდა, რომ საქმეში პოლციიელის პატაკის გარდა სხვა არანაირი მტკიცებულება არ დევს. 

ჩათვალეთ, რომ საქმეში დევს მხოლოდ პოლიციელის პატაკი, რომელსაც არ გააჩნია ვალდებულება დაასახელოს წყარო, თუ საიდან მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოსდა ძმებ კაკულიებს რაიმე სახის კავშირი გააჩნიათ ნიკოლოზ კვარაცხელასი მკვლელობასთან. სასამართლოში ბრალდების მხარემ წარმოადგინა 35 ტომი ინფორმაცია, რომელიც არ ადასტურებს ძმები კაკულიების რაიმე კავშირს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან", - ამბობს ადვოკატი შოთა კაკულია.

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ძმებ კაკულიებთან ერთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დაასახელა. 

ჟვანიას ადვოკატი, ალექსანდრე ჩხეიძე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან. უფლებადამცველის თქმით, ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა.

ანუ სომხეთში რომ მეგობარი მეგობართან წავიდა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ ათეულობით ადამიანი მიდიოდა და მოდიოდა სომხეთში, ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს ნახულობდნენ და ეს თუ იმას ედება საფუძვლად, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი ტარდება, სრული აბსურდია და მეტი არაფერი.

ბესარიონ ჟვანიას ტელეფონში არავის ფოტო არ ყოფილა და კონკრეტულად ბესარიონ ჟვანიას არანაირი კავშირი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან არ ჰქონია.

ბესარიონ ჟვანია ორჯერ იყო გამოძახებული გამოძიების მიმდინარეობისას. იგი გამოიძახეს მაშინ, როდესაც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და იქიდან ჩამოვიდა და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ამომწურავი პასუხები გასცა ყველა კითხვას, იქ კონკრეტულად ვიდეო არ წარუდგენიათ მაშინ ბესარიონ ჟვანიასთვის, რა კითხვებიც დაუსვეს, ყველაფერს გასცა პასუხი. ნაცნობობას არავინ უარყოფს, ბავშვობის მეგობრები არიან.“,- განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს. 

თქვენ მოუსმინეთ მათ შორის, ძმებ კაკულიებს მოსამართლის კითხვაზე, თუ როგორი აგრესიული პასუხი ჰქონდათ, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდების მხარე მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე წარადგენს როგორც მოწმეთა ჩვენებებს, ასევე ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რაც საბოლოო ჯამში, მოსამართლეს დაარწმუნებს იმ ბრალეულობაში, რა ბრალიც წარდგენილი აქვთ როგორც დავით და გურამ კაკულიებს, ასევე ბესარიონ ჟვანიას. როცა დაცვის მხარე ნიშნის მოგებით ამბობს, საქმე 35 ტომიაო, დიახ, 35 ტომი არის გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, რომელთაც ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რაც მათ წინააღმდეგ მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული, პროკურორი აცხადებს, რომ ყველა გარემოება და ფაქტი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.

როდესაც ვამბობ, მტკიცებულებები ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული, ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ცალკე აღებული არც ერთი ფაქტი და არც ერთი მტკიცებულება არ უნდა შეფასდეს. ცალკე აღებული არ ვაფასებთ იმას, ბესარიონ ჟვანია იცნობდა თუ არა დავით და გურამ კაკულიებს, ეს ფასდება ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ზუსტად ის ფაქტი, რომ მათ ნაცნობობა აკავშირებდათ, ზუსტად ის ფაქტი, თუ როგორ გეგმავდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას, ეს გარემოებები არის ერთობლიობაში თანხვედრაში. ამ საქმეში დიახ, ნამდვილად აქვს პასუხი გაცემული აქვს იმ კითხვას, რომ კაკულიებსაც და ბესარიონ ჟვანიამაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ, ჩვენ გაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ერთადერთ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ სამივე ბრალდებულს უმკაცრესი სასჯელი განესაზღვრება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

კითხვაზე, თუ სად იმყოფება ბუსა ჟვანია, პროკურორი პასუხობს, რომ ეს მათთვის უცნობია და ჟვანიაზე ძებნაა გამოცხადებული.

კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

  • ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 

კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი სიახლეები