მკვლელობა დუშეთში- უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ორ ბრალდებულს, რომლებმაც კაცი ცოლის თვალწინ მოკლეს
დუშეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
საქმის მასალების მიხედვით, 2026 წლის 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, მეუღლის თანდასწრებით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 14 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ბ“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის) წარედგინათ.
სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორივეს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - წერს უწყება.
ცნობისთვის, 2026 წლის 10 მარტს სოფელ ბაგაში 42 წლის მიშა ჩოხელი მოკლეს.
მკვლელობაში მსჯავრდებულები ამავე სოფელში მცხოვრებლები: აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული არიან.