ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს და გვინდა, ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ზელენსკი

20.10.26 23:01
ომს არ ვაგებთ, მაგრამ ვკარგავთ ხალხს და გვინდა, ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება - ზელენსკი

უკრაინა ომს არ აგებს, თუმცა რუსეთის თავდასხმების შედეგად ადამიანებს კარგავს და დრო გადის, ამიტომ რუსეთის აგრესიის რაც შეიძლება მალე შეჩერებას ცდილობს, - ამის შესახებ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები ბავშვობას და რეალურ ცხოვრებას ვერ ხედავენ და სწორედ ამიტომ უნდათ, რომ ომი რაც შეიძლება მალე დაასრულონ.

„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს - რა თქმა უნდა, ომს არ ვაგებთ. მაგრამ რუსეთის თავდასხმების გამო ადამიანებს ვკარგავთ. ადამიანებსა და დროს ვკარგავთ, რადგან ჩვენი შვილები რეალურ ცხოვრებასა და ბავშვობას ვერ ხედავენ, ამის შესაძლებლობა არ აქვთ. ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ გვინდა, ომი რაც შეიძლება მალე დავასრულოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინას ამაში პარტნიორები - აშშ და ევროპა დაეხმარებიან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმისთვის.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მზად ვართ. და ღმერთმა ქნას... ჩვენი ძლიერი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან ბრძოლის ველზე და ეს მეხმარება, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს ძლიერი ვიყო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.