ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვს

26.10.26 10:26
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულა და სილვამ მეოთხედ გაიმარჯვა - ბოლსონარუ შედეგების გაუქმებას მოითხოვს

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა და ქვეყნის სათავეში მეოთხე ვადით დარჩება. თუმცა მისმა მთავარმა კონკურენტმა, ლიბერალური პარტიის კანდიდატმა ფლავიუ ბოლსონარუმ, დამარცხება არ აღიარა და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება დააანონსა.

25 ოქტომბერს გამართულ მეორე ტურში ლულა და სილვამ ხმების დაახლოებით 51,8% მიიღო, ხოლო ბოლსონარუმ — 48,2%.

ეს ბრაზილიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა მეორე ტურში გამარჯვება შეძლო. პირველ ტურში ფლავიუ ბოლსონარუ ლიდერობდა.

ბოლსონარუ არჩევნების შედეგების ანულირებას მოითხოვს. მისი უკმაყოფილების მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლის საფუძველზეც კენჭისყრის პროცესი ორ საათს გაგრძელდა. ოპოზიციონერმა კანდიდატმა ეს გადაწყვეტილება მიუღებლად შეაფასა.

ფლავიუ ბოლსონარუ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვაჟია. ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 27-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბრაზილიის საარჩევნო ორგანომ ლულა და სილვას გამარჯვება დაადასტურა. მისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის 5 იანვარს დაიწყება.