რუსეთში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილესი საცავი იწვის - სამარის ოლქში შავი კვამლი შენიშნეს
რუსეთში, სამარის ოლქში, ნავთობის მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტი სავარაუდოდ თავდასხმის სამიზნე გახდა. საუბარია დასახლება პროსვეტთან მდებარე საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“, რომლის ტერიტორიაზეც, გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების ხმა ისმოდა.
გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, რომელმაც ღია წყაროებზე დაყრდნობით (OSINT) ვიზუალური მასალა გააანალიზა, სადგურის ნავთობის რეზერვუარების ტერიტორიიდან შავი კვამლი ამოდის. ადგილობრივი მცხოვრებლები აფეთქებების ხმასა და კვამლის სვეტის დანახვას ადასტურებენ, თუმცა რეგიონულ ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
აღნიშნული ობიექტი ევროპაში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს საცავად მიიჩნევა. კომპლექსში 71 რეზერვუარია, რომელთა საერთო მოცულობა 1,6 მილიონ კუბურ მეტრზე მეტია.
ASTRA-ს ცნობით, სადგური ოქტომბერშიც არაერთხელ გახდა სავარაუდო თავდასხმის სამიზნე. მასშტაბური ხანძრები იქ 2, 7, 10 და 11 ოქტომბერს დაფიქსირდა.