რუსეთმა კიევს ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია
რუსებმა კიევს დაარტყეს - საოკუპაციო არმიამ ღამით უკრაინის დედაქალაქისკენ ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტები ისროლა. სამიზნეს ენერგოობიექტები წარმოადგენდა, მაგრამ აფეთქებები იყო დასახლებულ პუნქტებშიც.
მედიის ინფორმაციით, იერიშების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
ასევე, დარტყმების შემდეგ კიევში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობა დაინგრა.
მედია წერს, რომ დარტყმა მიაყენეს ტრიპოლის თბოელექტროსადგურსა და 750 კვ-იან ქვესადგურ „კიევსკაიას“. საუბარია ენერგო ობიექტებზე, რომლებიც, მიმდებარე რეგიონების ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესი კვანძებია. მსგავსი მასშტაბური დარტყმები კოლოსალურ ზიანს აყენებს მთელი ქვეყნის ენერგოსისტემას და ართულებს სამოქალაქო მოსახლეობის ყოველდღიურობას.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ამზადებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების სწრაფად გადაცემისკენ მოუწოდა.