კუშნერი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გაჩნდა, რომლებმაც შესაძლოა გარღვევა გამოიწვიოს
უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ახალი ინიციატივები განიხილება, რომლებმაც შესაძლოა მხარეებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს. მისი თქმით, ვაშინგტონი რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძელებს და ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსკოვსა და ევროპულ ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობაა.
კუშნერის განცხადებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადების პარალელურად, რამდენიმე ახალი იდეის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა მათი კონკრეტული შინაარსი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
„ჩვენი სამმხრივი შეხვედრებისა და პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკისთან შემდგომი განხილვების შემდეგ, მე და სტივ ვიტკოფი ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ამჟამად ჩვენი ყურადღება გამახვილებულია მოსკოვსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობაზე, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დღის წესრიგის მომზადებაზე”, - დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელში.
მისი განმარტებით, განხილული ინიციატივების ნაწილი შესაძლოა უშუალოდ შეთანხმების მიღწევას დაეხმაროს, ნაწილი კი მხარეებს შორის დარჩენილი სადავო საკითხების გადასაჭრელად ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს. კუშნერი ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები უნდა იყოს.
“ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა პირდაპირ გარღვევამდე მიგვიყვანოს, ზოგი კი შესაძლოა ახალ წინადადებებად გადაიქცეს, რაც დარჩენილი ხარვეზების შევსებას შეუწყობს ხელს. როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები და დეტალური, ქმედითი ომისშემდგომი უსაფრთხოების ზომები, რომლებიც შეამცირებს კიდევ ერთი ომის რისკს”, - აღნიშნა კუშნერმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის შეფასებით, ევროპის უსაფრთხოების სისტემაში ნატო კვლავ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. ამასთან, საჭიროა სამხედრო თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და დაძაბულობის შემცირების დამატებითი მექანიზმების განვითარება, რათა შესაძლო უთანხმოებები ახალ კრიზისებში არ გადაიზარდოს.
კუშნერის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამშვიდობო პროცესში ევროპელი პარტნიორების უშუალო ჩართვის მცდელობაც.
“სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები უშუალოდ ჩავრთოთ ამ დისკუსიებში. ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება შესაბამისმა მხარეებმა უნდა დაამტკიცონ და პრეზიდენტი ტრამპი მხოლოდ იმ შეთანხმებებს დაუჭერს მხარს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას და შეამცირებს მომავალი კონფლიქტის ალბათობას”, - აღნიშნა კუშნერმა.
სპეციალური წარმომადგენელი საჯარო განცხადებებსა და დახურულ მოლაპარაკებებში მხარეების პოზიციებს შორის განსხვავებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად მკვეთრი პოლიტიკური რიტორიკისა და პრესაში გავრცელებული მაქსიმალისტური მოთხოვნებისა, პირად საუბრებში როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე აცნობიერებს, რომ ომის დასრულება პრაქტიკული კომპრომისების გარეშე რთული იქნება.
კუშნერი აცხადებს, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციები გრძელდება, თუმცა მოლაპარაკებების მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, მათი კონფიდენციალურობის დაცვა აუცილებელია.
“ამ ომის ადამიანური დანაკარგები უმძიმესია, ხოლო გადასაჭრელი საკითხები განსაკუთრებულად რთული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა, დავიცვათ მგრძნობიარე მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი კონფიდენციალურობა და ვიპოვოთ გზა ამ საშინელი ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად”, - დაწერა კუშნერმა.