„ლელო - ძლიერი საქართველო“ დევნილთა განსახლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაორმაგებას ითხოვს

13.10.26 12:01
„ლელო - ძლიერი საქართველო“ დევნილთა განსახლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაორმაგებას ითხოვს

 

 

„ძლიერი საქართველო – ლელო“ 2027 წლის ბიუჯეტში დევნილთა განსახლებისთვის გათვალისწინებული თანხის 250-დან მინიმუმ 500 მილიონ ლარამდე გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ოთო ფარულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან ირაკლი კობახიძის ინიციატივა, დევნილებისთვის ბინის ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარის კომპენსაციის შეთავაზების შესახებ, დევნილების დაცინვად შეაფასა და ხელისუფლება მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა.

გუშინ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუება გადაწყვიტა. მან განაცხადა, რომ მათ მისცემს არჩევანს და კუთვნილი ბინების ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე მიზერულ კომპენსაციას - 10 000 ლარს შესთავაზებს. ეს არის "ქართული ოცნების" მხრიდან ჩვენი დევნილების დაცინვა და აბუჩად აგდება! იმ ფონზე, როდესაც რეჟიმის მაღალჩინოსნები საკუთარ ანაზღაურებას იზრდიან და კოლოსალურ ხელფასებს ინიშნავენ, გადაწყვიტეს, საბიუჯეტო ეკონომია ისევ უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დევნილების ხარჯზე გააკეთონ. რუსული აგრესიის მსხვერპლი ჩვენი თანამოქალაქეები 30 წელზე მეტია ელოდებიან კუთვნილ საცხოვრებელს, ხოლო "ქართულმა "ოცნებამ“ 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს სჭირდება ჭერი, უძრავი ქონების ფასების კატასტროფული ზრდის პირობებში კი ერთ წევრზე 10 000 ლარით ბინის ყიდვა სრული აბსურდია! საინტერესოა, ვკითხოთ "ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს: 10 000 ლარად რომელიმე დევნილი ოჯახი შეძლებს თუნდაც ყველაზე პატარა ბინის ყიდვას იმ საცხოვრებელ კომპლექსებში, რომლებსაც ის აშენებს?! - რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს! შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დევნილთა სრული განსახლების "დეტალური გეგმით" იწონებდა თავს და კონკრეტულ ვადებსაც კი ასახელებდა. თუმცა, ესეც მისი მორიგი ტყუილი აღმოჩნდა! იმ პირობებში, როდესაც დევნილთა ყოველთვიური შემწეობა სასაცილო 45 ლარია, ხოლო 1250 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში ამ მიზერულ დახმარებასაც კი აჭრიან, არავის სჯერა, რომ "ოცნება" დევნილებზე ზრუნავს. 10 000 ლარი "ქართული ოცნების" ერთი დეპუტატის ერთი თვის ხელფასზე ნაკლებია. რეჟიმმა საკუთარი ფუფუნებისთვის მილიონები გამოყო, ხოლო რუსული ოკუპაციით დაზარალებულ ჩვენს მოქალაქეებს კაპიკები მიუგდო. "ძლიერი საქართველო - ლელო" კატეგორიულად მოითხოვს: 2027 წლის ბიუჯეტში დევნილთა განსახლებისთვის გამოყოფილი 250 მილიონი ლარი გაორმაგდეს და მინიმუმ 500 მილიონ ლარამდე გაიზარდოს! შეწყვიტეთ დევნილების სასოწარკვეთით და სიღარიბით ვაჭრობა! აიღეთ პასუხისმგებლობა და მიეცით ამ ადამიანებს ის, რაც კანონით ეკუთვნით - ღირსეული საცხოვრებელი და არა მოწყალება!, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა. 

მსგავსი სიახლეები