ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს - ვენეციის კომისიამ "გრანტების კანონზე" კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
რამდენიმე წუთის წინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა.
- ვენეციის კომისია "ქართულ ოცნებას" „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით, მთელი რიგი ჩანაწერების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო-სამართლებრივი მრჩეველი ორგანო პირდაპირ წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონმდებლობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს.
ვენეციის კომისია თვლის, რომ იმის ნაცვლად, რომ კანონმა "დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, აღნიშნული კანონმდებლობა მათთვის საფუძვლიანად ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს".
ამასთან, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა მასთან თანამშრომლობა ამ დასკვნის მომზადების პროცესში.
რა წერია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში?
ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოსა და პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების მიზანს უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან. ის, პირიქით, აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და გადარჩენას.
ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუციური სისტემა და პოლიტიკური პარტიები უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან, აღნიშნული კანონმდებლობა მათთვის საფუძვლიანად ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს".
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადასახედია სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ ფართო ცნებებს, როგორიცაა “საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობა ან გრანტის რეჟიმის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული გარიგებები.
კომისია ამბობს იმასაც, რომ მარეგულირებელ ჩარჩოს აკლია სამართლებრივი განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა და ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული“ საქმიანობა, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ ან „სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება“ ჩამოყალიბებულია ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ტერმინებით.
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული გრანტების კანონის თანახმად:
- გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
- ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.