ცნობილია ვინ წარადგენენ პარტიების აკრძალვის სარჩელზე „ქართული ოცნების“ პოზიციებს
"ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ შარმანაშვილი, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით საქართველოს ელჩი გახდა სომხეთში, ხოლო იქამდე, 2010 წელს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი.
თენგიზ შარმანაშვილი არის სამი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ჩვენი მხრიდან იქნებიან პარლამენტის წევრები, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი ად თორნიკე ჭეიშვილი. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს. ჩვენ საქმე გვაქვს ამ სარჩელში მოყვანილ პარტიებთან, პარტიებზე, რომლებით თავისი ბუნებით არიან ანტიკონსტიტუციური, რომლებიც ძალადობრივი გზით ცდილობდნენ არაერთხელ ხელისუფლების შეცვლას, რომლებსაც აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ეს დასტურდება IRI-ს კვლევითაც. ასე რომ, ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ამით მოიგებს ქართელი ხალხი და მთლიანად საზოგადოება. ოპოზიციური ფლანგისთის შემაფერხებელი ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და კრიტიკული ამომრჩეველიც უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიის მოძებნას. კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.