რა ვალდებულია ივანიშვილი, წყალტუბოს რეაბილიტაცია განახორციელოს? - ქადაგიშვილი
„რატომ არის ივანიშვილი ვალდებული, წყალტუბოს რეაბილიტაცია განახორციელოს?“ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტის აღდგენის შესახებ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე დასმულ კითხვას. ქადაგიშვილის მტკიცებით, წყალტუბოში უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის მოეწყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, რამაც კურორტი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახადა.
ერთი რამე მითხარით, რა ვალდებულია ივანიშვილი, რომ... მე არ ვიცი რა დაპირება გასცა, რაღაცას ახლა იმპერატორიული ტონით რომ ამტკიცებთ, რომ დაპირება გასცა... დაპირება სრულდება და იქ ბევრი რამე გაკეთდა, ჯერ ეს ერთი, იმ წყალტუბოში, თუ ჩახვალთ და ნახავთ... რა გაკეთდა და ელემენტალურად, ინფრასტრუქტურა შეიქმნა, მთელი წყალამირების და წყამომარაგების სისტემა შეიქმნა. ამ სისტემებს თუ არ შევქმნით, ისე ვის რად უნდა მარტო ცარიელი შენობა? ამიტომ იმდენი რამე გაკეთდა, რომ დღეს უკვე ინვესტორისთვის საინტერესოა ამის შეძენა, - ამბობს ქადაგიშვილი.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კურორტ წყალტუბოში მდებარე ყოფილი 10 სანატორიუმი ელექტრონულ აუქციონზე ხელახლა გამოიტანა. აუქციონები დღეს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება.
ამის შესახებ bm.ge წერს.
პრივატიზების პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ინვესტორებმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის, ანუ 5 წლის განმავლობაში, უნდა განავითარონ ტერიტორიები, განახორციელონ განსაზღვრული მოცულობის ინვესტიციები და შექმნან თანამედროვე სასტუმროები ან სარეაბილიტაციო ცენტრები.
აუქციონში გამარჯვებულებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადა კი აუქციონის დასრულებიდან 2 თვეა.