კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს

20.10.26 15:27
კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადებით, ჰიტლერი რომ გადარჩენილიყო და გერმანიაში არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, შესაძლოა ორნიშნა მხარდაჭერაც მიეღო, თუმცა ეს მისი პოლიტიკური საქმიანობის შეფასებისას განმსაზღვრელი არ იქნებოდა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას აზიანებენ. მისი თქმით, სწორედ ამის დამტკიცებას ისახავს მიზნად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი. 

ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს, არ დაუშვეს. ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება ქართელი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში. ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო და მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგებსაც მიიღებდა, სავარაუდოდ, ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა, ამიტომ ეს არ არის განსამზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პატიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები და ჩვენ ჩვენი სარჩელით ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები, ისინი, სამწუხაროდ, იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემს ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით. ეს უნდა შეიცვალოს, ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა ხალხმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს. ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი, - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.   

ამ ფონზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.