მოსამართლე ვასილ როინიშვილს სხდომაზე როინ შავაძის საქმე გაუხსენეს
"ლელო ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, კახი სამხარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხომაზე სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა - ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილის და სერგო მეთოფიშვილის .
ვასილ როინიშვილის შემთხვევში, "ძლიერი საქართველოს" იურისტმა სერჟანტ როინ შავაძის საქმე გაიხსენა, სადაც როინიშვილი პროკურორი იყო.
ჩვენ ვითხოვთ სამი მოსამართლის აცილებას. ჩვენ გვესმის მოცემულობა, რომ 7 წევრია დღეს სასამართლოში, მაგრამ უნდა იყოს -9 და ეს მოპასუხე მხარის პრობლემა არ არის, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის სრული შემადგენლობა. ჩვენ აცილებას ვუყენებთ ვასილ როინიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელმაც უნდა განიხილეს ეს საქმე და ამ სარჩელში მითითებულია კონკრეტული საქმე, რომელშიც იგი მონაწილეობდა საერთო სასამართლოებში საქმის განხილვის დროს. ვგულისხმობ, სერჟანტ როინ შავაძის საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ვასილი მონაწილეობდა, როგორც ზემდგომი პროკურორი, ამ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ეს აჩენს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვს, რაც სრულიად საკმარისია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომ ჩვენ დავინახოთ ეჭვი მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა.
რაც შეეხება კიკილაშვილს და სერგო მეთოფიშვილს, "ძლიერი საქართველოს" იურისტმა თქვა, რომ მათი დანიშვნის სიჩქარიდან გამომდინარე, მოსამართლეების ობიექტურობა სერიოზულ ეჭვს ბადებს.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვაყენებთ ორი ახლად დანიშნული წევრის აცილების შუამდგომლობას, ეს არის გოგა კიკილაშვილი და სერგო მეთოფიშვილი.
მეთოფიშვილი და კიკილაშვილი ვერ იქნებიან ობიექტურები. მათ ადგილას იყვნენ ორი სხვა მოსამართლე რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული აზრებით. სამ დღეში დანიშნეს ეს ორი მოსამართლე", - თქვა "ლელოს" წარმომადგენელმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.