მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

21.10.26 14:27
მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლეთა პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში სააკაშვილის და ხაბეიშვილის მოწმედ მიყვანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. 

  • პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის და ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე მოწმედ მიყვანას ენმ ითხოვდა. 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში.

“პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე და ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. გამომდინარე იქიდან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში. ის, რომ მათ უბრალოდ შემხებლობა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ვერ გახდება საფუძველი“, - თქვა რევაზ ნადარაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

მსგავსი სიახლეები